ახალი გემოები, შთაბეჭდილებები და ემოციები: ბათუმი ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინისა და ჭაჭის გარდა, ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ ქართულ ყველს, ჩირსა და ჩურჩხელას.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik.  ბათუმში შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი, რომელზეც დაახლოებით 100 ღვინის მარანი საკუთარ პროდუქციას წარმოადგენს, 16–18 აგვისტოს გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორი, რომლის მონაწილეებიც ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ქართული ღვინისა და ჭაჭის სხვადასხვა სახეობას შესთავაზებენ, ქართული ღვინის ფონდია. 

აშინებთ თუ არა ქართველ მეღვინეებს ახალი ემბარგო?

სამი დღის განმავლობაში ძველ ბულვარში ღონისძიების სტუმრები ქართული ღვინის კომპანიების პროდუქციას გაეცნობიან და დააგემოვნებენ.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბაზრობა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართული ყველი, ჩირი და სხვადასხვა სახეობის ჩურჩხელა. მათ, ვისაც სურვილი ექნება უფრო ახლოს გაეცნოს ქართულ სამზარეულოს, კულინარიული მასტერ–კლასი ელოდებათ.

ქართული რეწვის დაახლოებით 40–მდე  მწარმოებელი საკუთარ პროდუქციას – თექა, მინანქარი, თიხა და ა.შ. გამოიტანენ. გარდა ამისა, შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება.

ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება.