თბილისში 20 და 22 წლის ახალგაზრდები მოკლეს – საქმის ახალი დეტალები

სავარაუდო მკვლელი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გუშინ გარდაცვლილები იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით არიან მოკლული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს

მოკლულები 20 და 22 წლის ახალგაზრდები არიან. ადგილობრივი მცხოვრებლების ვარაუდით, ახალგაზრდებს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს, რის გამოც სროლის ხმა ვერ გაიგეს. მათ ტყვია შუბლში აქვთ ნასროლი.

გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

მკვლელმა, სავარაუდოდ, დანაშაულის ადგილი სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან დატოვა. თუმცა იგი გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ჯერჯერობით დამნაშავე დაკავებული არ არის.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით ("განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში"), რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.