რუსეთი საქართველოსგან ბოდიშს ელოდება – ჯერი სალომე ზურაბიშვილზეა

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებმა რუსი ხალხი შეურაცხყო.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ანტირუსული რიტორიკის გამო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

დეპუტატს მიაჩნია, რომ რუსეთის დადანაშაულება აგრესიასა და ტერიტორიების ოკუპაციაში შეურაცხყოფას აყენებს რუს ხალხს და „არ დატოვებს მათ გულგრილს".

„თუ საჯაროდ იუხეშეს, საჯაროდ უნდა იქნას პასუხიც გაცემული", – აღნიშნა მან ტელეკომპანია Россия-24-ზე.

საქართველო 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა – მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. იმავე დღეს აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ლავროვი: ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაუარესების მოსურნე

მაშინ მკვეთრი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც რუსეთს „მტერი და ოკუპანტი" უწოდა. მისი აზრით, საქართველოში არეულობა „რუსეთის გარდა, ხელს არავის აძლევს".

თბილისში საპროტესტო აქციებისა და პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტუროპერატორებმა კი საქართველოში ტურებზე განაცხადების გაფორმება შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ტურიზმის სფეროს დარტყმას მიაყენებს, რამდენადაც ბოლო წლებში საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობს.

გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა შესთავაზა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" მხარს არ დაუჭერს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.