როგორ ჩაიარა სომხეთის მთავარი დიპლომატის პირველმა შეხვედრამ თბილისში

ეს მნაცაკანიანის პირველი ვიზიტია საქართველოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. დაიწყო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოგრაბ მნაცაკანიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში – სომეხი დიპლომატი ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანს შეხვდა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ესტუმრება: ვიზიტის მიზნები >>

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოთხშაბათს ესტუმრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან. თუმცა პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გაიმართა.

„ძალიან მოხარული ვარ ვუმასპინძლო დღეს თბილისში ჩემს მეგობარსა და კოლეგას ზოგრაბ მნაცაკანიანს, რომელიც აქ პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის“, – დაწერა ზალკალიანმა თავის twitter-აკაუნტში და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაგდალიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ორი დიპლომატის შეხვედრა ქვეყნებს შორის მეგობრობის მანიშნებელია.

„ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრისას სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საძირკველში კიდევ ერთი აგურის ჩადებას ემსახურება“, – დაწერა ნაგდალიანმა თავის Facebook-გვერდზე.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნები მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობა. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.