შეძლებს თუ არა ოქრუაშვილი „რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებას

„რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით ახალი სარჩელი ტელეკომპანიის წილების დაყადაღების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგების მიხედვით შემუშავდება.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაწყვიტა გაასაჩივროს რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამის" წილების დაყადაღების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან" ოქრუაშვილის ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა.

ხალვაში vs ოქრუაშვილი: „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ დავა გრძელდება>>>

„აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე შევიტანეთ საჩივარი. ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში წავა. საჩივრის განხილვამდე რეესტრში ამ საკუთრებასთან დაკავშირებით ვერანაირი ტრანზაქცია ვერ განხორციელდება", – განაცხადა ზედელაშვილმა.

აქიმიძე და დვალი: ჩვენსა და „რუსთავი 2"-ს შორის ერთი ადამიანია და ის ქიბარ ხალვაში არ არის

ოქრუაშვილის დაცვის მხარემ სასამართლოს გასულ კვირაში მიმართა, მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა „რუსთავი 2"-ის მფლობელების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიაზე საკუთარი უფლებები წამოაყენა. ადვოკატებმა წილების დაყადაღება მანამდე მოითხოვეს, ვიდრე სასამართლოში ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული ძირითადი სარჩელი შევა.

ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს იმას, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის მფლობელი არასდროს ყოფილა და უბრალოდ მისი ნომინირებული პირი იყო. ამის დასტურად ოქრუაშვილს 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი მოჰყავს, რომლის თანახმად, მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ხალვაშის ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხელმოწერა გაყალბებულია და, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტიც ყალბია.

„რაც შეეხება სარჩელს, საჩივრის განხილვამდე ჩვენ, ალბათ, გავჩერდებით და მომავალში, შედეგებიდან გამომდინარე შევიტანთ სარჩელს მფლობელობის აღიარებასთან დაკავშირებით", – აღნიშნა ზედელაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“ მაშინაც მე მეკუთვნოდა და ხვალაც იქნება ჩემი...“

ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამორჩეული ტელეარხი „რუსთავი 2" ახალ რეალობაში ხუთშაბათს აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია "პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მალევე არხის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნდება, ყველა თანამშრომელი დარჩება და ერთადერთი ცვლილება შეეხება მხოლოდ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

საჯარო რეესტრის სააგენტომ იმავე დღეს, 18 ივლისს დააკმაყოფილა ბიზნესმენის ადვოკატის განაცხადი და „რუსთავი 2" ხალვაშსა (60%) და კომპანია „პანორამაზე" (40%) გადააფორმა. მოგვიანებით დარეგისტრირდა არხის ახალი გენერალური დირექტორიც – პაატა სალია.