უპრეცედენტო პროექტი: რა სტადიაზეა რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ხევი–უბისას მონაკვეთზე გზის მშენებლობას გაეცნო.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ახალი გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს – ტერიტორიას ასუფთავებენ, იღებენ მიწის ნაყოფიერ ფენას და ამზადებენ კომუნიკაციების გადატანის პროექტს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე ლევან კუპატაშვილი ოთხშაბათს ხარაგაულის რაიონში ხევი–უბისას მონაკვეთზე სამუშაოების მსვლელობას პირადად გაეცნენ.

ხევი–უბისას გზის მონაკვეთი ოთხზოლიანი გახდება. იგეგმება 35 ახალი ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები.

უპრეცედენტო პროექტი - რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალ მონაკვეთს აშენებენ

დაგეგმილია სამი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე – ბორითში.

უფრო ადრე დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და პროექტის ღირებულება 732 მლნ ლარზე მეტია.

მთლიანობაში რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია შეასრულებს>>

აღმოსავლეთ–დასავლეთის ავტომაგისტრალის ბოლომდე აშენება და გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას.