გრაკლიანის გორაზე ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს

არქეოლოგიური გათხრები გრაკლიანის გორაზე 2008 წლიდან წარმოებს. აქ სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ძირითადი ბაზა განთავსდა.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანის გორაზე ჩვ.წ.აღ.-მდე V საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინა.

როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ პერიოდის ძეგლი მთლიანად შენახულია. ამგვარად, მეცნიერებს აქვთ საშუალება, მიიღონ სრულფასოვანი წარმოდგენა იმ დროის ცხოვრების შესახებ.

„ცენტრალურ ადგილზე დიდი საკურთხეველია; სათავსოში გამართულია ღუმელი, რომელზეც ქურუმებისთვის ცეცხლის გადასატანი ვაზები დევს; იქვე არის სამკურნალო მცენარეების თესლების დასაფქვავი მოწყობილობა", – აღნიშნულია განცხადებაში.

გრაკლიანის გორაზე ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს

თსუ-ის სტუდენტებთან ერთად გათხრებში მონაწილეობდა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის 15 სტუდენტი. თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საველე სამუშაოები დაათვალიერა და სტუდენტებს შეხვდა.

არქეოლოგიური გათხრები გრაკლიანის გორაზე 2008 წლიდან წარმოებს. აქ მოგვიანებით სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის ძირითადი ბაზა განთავსდა.

ამერიკელმა მეცნიერებმა გრაკლიანის წარწერა ჩვ.წ.აღ-მდე ХI–X სს-ით დაათარიღეს

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორიაზე 2015 წელს აღმოჩენილია, მეცნიერების ვარაუდით, უნიკალური წარწერა, რომელიც ამერიკულმა ლაბორატორიამ ძველი წელთაღრიცხვის 1005-920 წლებით დაათარიღა. თუ დამტკიცდა, რომ ნაპოვნი ნამდვილად წარწერაა, ეს იმას ცხადყოფს, რომ საქართველოში დამწერლობა 3 ათასი წლის წინ გაჩნდა. აღმოჩენილი წარწერა საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეულია.

საქართველოში ჩვ.წ.აღ-მდე XI-X საუკუნის წარწერის აღმოჩენის ადგილზე მუზეუმს ააშენებენ

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მშენებლობის დროს დაფიქსირდა. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები საგზაო დეპარტამენტმა დააფინანსა, ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება გზის მშენებლობის გამო შეჩერებული იყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ამ ობიექტის საფუძვლიანი შესწავლის, მისი კონსერვაციისა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობის ინტერესი გამოთქვა.

იმავე წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები, რომელთა შედეგად აღმოჩენილია ნასახლარები, სამეურნეო დანიშნულების ობიექტები და სამარხები, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნიდან ჩვ.წ.აღ-ის I საუკუნეებს ეკუთვნის, შემდეგ კი ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთხეველი გაითხარა.

საქართველოში არქეოლოგებმა უძველესი უნიკალური ძეგლები აღმოაჩინეს>>

იქვე აღმოჩენილია ორი სატაძრო კომპლექსი. ერთ-ერთი იბერიის პირველი მეფის – ფარნავაზის მმართველობის პერიოდს განეკუთვნება (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III სს). მოგვიანებით გრაკლიანის გორას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.