ბატიაშვილი: აბიტურიენტები აფხაზეთიდან უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

ბოლო გამოცდა დღეს, 24 ივლისს მაგისტრობის მსურველებისთვის ჩატარდა.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები მარტივდება>>>

მინისტრის განმარტებით, ეს შეეხება აფხაზეთიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც რეგისტრაცია გაიარა და ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების სურვილი გამოხატა, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა. ეს აბიტურიენტები მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.

„სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება", – აღნიშნა ბატიაშვილმა.

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო აღნიშნული სტუდენტების სწავლას სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით, სრულად დააფინანსებს.

წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან აბიტურიენტებისთვის სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა.

2019 წელს აღნიშნულ პროგრამაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 142 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 70 მათგანმა კურსი თსუ-ში გაიარა, 72-მა კი შოთა მესხიას უნივერსიტეტში. აბიტურიენტების დიდი ნაწილი გალის რაიონიდან იყო.

აღნიშნული პროგრამა, რომლის მიზანიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების შეთავაზება და მათი კარიერული და პიროვნული ზრდისთვის ხელშეწყობაა, მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება.

საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.