საზარელი მკვლელობა ყანდაურაში: დაკავებულ 85 წლის მამაკაცს მკვლელობას აღარ ედავებიან

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი პირია დაკავებული
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუზუსტდა და ამჟამად მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავებიან, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოთხი მოკლული და სამი დაობლებული ბავშვი - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები >>

ომარ გამყრელიძე თავისი ვაჟის, რძლისა და მეზობლად მცხოვრები ორი ნათესავის მკვლელობისა და ასევე თავისი ლოგინად ჩავარდნილი ცილის დაჭრის ბრალდებით 3 მაისს დააკავეს. ქალი რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პენსიონერს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულს ბრალი წარედგინა  სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით („ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ორი ან მეტი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა“).

„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ომარ გამყრელიძეს მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი“, – განუცხადა  ჟურნალისტებს გამყრელიძის ადვოკატმა, გილერი ენდელაძემ.

ყანდაურაში საზარელი მკვლელობის საქმის მოულოდნელი შემოტრიალება - რა მოხდა კახეთში?

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისას რამდენიმე სახის იარაღი იყო გამოყენებული, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ საქმეში სხვა ფიგურანტებიც არსებობენ.

შსს–ს ცნობით, „გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი“.

სამართალდამცველებმა ომარ გამყრელიძის შემდეგ მისი შვილიშვილი დააკავეს და მის მეორე ვაჟს ეძებენ.

მედიის ინფორმაციით, 85 წლის მამაკაცის შვილსა და რძალს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ.