გაირკვა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღი

სხდომებზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას 29 ივლისიდან გეგმავს, იუწყება პირველი არხი.

საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა მომიტინგეების მოთხოვნა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამას გარდა, ხელისუფლებამ ამ არჩევნების ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარება გადაწყვიტა.

„პროპორციული არჩევნები 2020": საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია აქციის ფონზე

რიგგარეშე სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ კომისიის შექმნის საკითხს, რომელიც იმსჯელებს ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.

რიგგარეშე სხდომის ჩატარების მიზნით პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უნდა მიმართოს.

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო შესწორებების თანახმად, პროპორციული სისტემა საქართველოში 2020 წლიდან ამოქმედდება. პარტიების მიერ მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად გამოითვლება: ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. დარჩენილ მანდატებს გადაანაწილებენ უკეთესი შედეგების მქონე პარტიებზე რიგის მიხედვით.

ბიძინა ივანიშვილი: 2020 წელს არჩევნები პროპორცული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება>>

ამასთან, შესწორებები არ ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობას. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ამის მიზანია – დაბრკოლებები არ შეუქმნან პარტიული სისტემის განვითარებას.

პარლამენტმა საზაფხულო სესია ივნისის ბოლოს დახურა, თუმცა დეპუტატები კომიტეტების ფორმატში მუშაობას განაგრძობენ. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა გაიხსნას.