ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი გასულ წელს მიღებულ ტურნირის გამარჯვებულის ტიტულს იცავს.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-16 ნომერი АТР-ს რეიტინგში) ჰამბურგში АТР-500 სერიის ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

მეოთხე ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა პირველ წრეში ბოლივიელი უგო დელიენი (87) ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 6:3. მატჩი ერთ საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა.

დაიცავს თუ არა ქართველი ჩოგბურთელი ტიტულს ჰამბურგის ტურნირზე

პირველი პარტია, შეიძლება ითქვას, თანაბარ პირობებში წარიმართა იმ განსხვავებით, რომ მეორე ჩაწოდება ქართველს უფრო კარგად გამოსდიოდა. მეორე ჩაწოდებაზე ბასილაშვილმა მოიგო ბურთების 56% მაშინ, როდესაც მისი მეტოქის ანალოგიური მაჩვენებელი 29% იყო.

მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი ჩაწოდებაც გამოასწორა და მოგებული ბურთების პროცენტი 90-ს გადააშორა. საბოლოოდ, ბასილაშვილმა გააკეთა სამი ბრეიკი, ხოლო თავისი ჩაწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო.

ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე ხუან იგნასიო ლონდეროსა (56, არგენტინა) და ალეხანდრო დავიდოვიჩის (127, ესპანეთი) დაპირისპირებაში გამარჯვებული გახდება.

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. ქართველ ჩოგბურთელს АТР-ს რეიტინგში ამჟამად მე-16 ადგილი უკავია და აქტივში 1995 ქულა აქვს. მაგრამ თუ ბასილაშვილი თავის ტიტულს არ დაიცავს, დაკარგავს შარშან ჰამბურგში მოპოვებულ 500 სარეიტინგო ქულას და დაახლოებით 24-26-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონს“ გამოეთიშა>>

Hamburg European Open 28 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდია 1 718 ათასი ევრო. გამარჯვებული 350 ათასზე მეტ ევროს მიიღებს.