მსოფლიო დღეს

წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ზელენსკის პარტია ლიდერობს

უკრაინის 117 მაჟორიტარულ ოლქში ოქმების 30%-ის დათვლის შედეგად პარტია "ხალხის მსახურის" წარმომადგენლები ლიდერობენ.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. უკრაინის უმაღლეს რადაში რიგგარეშე არჩევნებში ოქმების 35,51%-ის დათვლის შემდეგ 42,19%-ით ლიდერობას პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური" ინარჩუნებს.

არჩევნები უკრაინაში კვირას გაიმართა. სადეპუტატო კორპუსის ნახევარს (225 ადამიანი) ირჩევენ პარტიული სიებით, ნახევარს - ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში. რადაში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც 5%-იან გამსვლელ ბარიერს გადალახავენ. ცესკომ არჩევნების ოფიციალური შედეგები 6 აგვისტომდე უნდა გამოაცხადოს.

ეგზიტპოლები: არჩევნებზე ზელენსკის პარტია იგებს

მეორე ადგილზე გადის იური ბოიკოს პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" 12,75%-ით, მესამეზეა ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა", რომელიც 8,71%-ს იღებს. უმაღლეს რადაში ასევე გადის იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა" – 8,15% და მუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა" – 6,39%.

უკრაინის ცესკომ ასევე გამოაქვეყნა ერთმანდატიანი ოლქების ხმების დათვლის წინასწარი შედეგები (გარდა ორი ოლქისა). 117 მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობენ პარტია „ხალხის მსახურის" წარმომადგენლები, რვაში – პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის", ორში – „ბატკივშჩინას“ წარმომადგენლები, ასევე ორ-ორ ოლქში „ევროპული სოლიდარობისა" და „ხმის" წარმომადგენლები. კიდევ 51 ოლქში – დამოუკიდებელი კანდიდატები.

არჩევნებში, ცესკოს მონაცემებით, ბიულეტენი 14,7 მილიონმა ადამიანმა მიიღო. სულ საარჩევნო სიებში 29,5 მილიონი ადამიანია შეყვანილი.