თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა ნინო ბარაჩაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადი შეიტანა და საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებზე რეაგირება მოითხოვა.
საქმე ეხება ოქრუაშვილის მოთხოვნას ტელეარხ „რუსთავი 2-ში“ ხალვაშისა და კომპანია „პანორამას“ წილების დაყადაღების თაობაზე.
ოქრუაშვილის სარჩელს ხალვაშის წილების შესახებ უარი ეთქვა: რა არჩევანის წინაშეა ექს-მინისტრი >>
ოქრუაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს გასულ კვირას მიმართეს. მოსარჩელის მტკიცებით, მოთხოვნას საფუძვლად დაედო 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, „რუსთავი 2-ის“ ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს, ხოლო ტელეკომპანიის საკუთრების უფლებას სინამდვილეში ოქრუაშვილი ფლობდა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მისი დარღვევის შემთხვევაში, ხალვაშს ოქრუაშვილისთვის უნდა გადაეხადა 7 მილიონი დოლარი. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დოკუმენტს ყალბს უწოდებს.
ორშაბათს ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„დღეს ჩვენ განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდებით ექსპერტიზის პასუხებს“, - განაცხადა ბარაჩაშვილმა.
ოქრუაშვილი კი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეიტანეს ხალვაშის ადვოკატებმა განცხადება პროკურატურაში ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით.
„სიმართლე გითხრათ, პროკურატურაში სარჩელი რატომ შეაქვთ, იურიდიულად ვერ ვხვდები ერთი მარტივი მიზეზის გამო. სასამართლოში მე უკვე სამი წელია ფინანსურ ნაწილზე ვდაობ, რომ მას ჩემი ვალი აქვს. მან ეჭვქვეშ დააყენა ამ ხელმოწერის ნამდვილობა და სასამართლომ, იმის მიუხედავად, რომ სამი ექსპერტიზის დასკვნა წარვუდგინეთ, ეს ხელშეკრულება ექსპერტიზაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადააგზავნა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.
ამასთან, ოქრუაშვილის მტკიცებით, ხელშეკრულებაზე ნამდვილად ხალვაშის ხელმოწერაა.
„უკვე რვა თვე ხალვაში ხელმოწერის ნიმუშების დატოვების მიზნით არ ცხადდება ექსპერტიზაში და პროკურატურაში, რა მოტივით შეიძლება იდავოს, ჩემთვის წარმოუდგენელია“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.
„რუსთავი 2-ის“ ირგვლივ შექმნილი ვითარება
ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამორჩეული ტელეარხი „რუსთავი 2“ ახალ რეალობაში ხუთშაბათს, მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.
სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მალევე არხის ახალმა მფლობელმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნდება და ერთადერთი ცვლილება შეეხება გენერალურ დირექტორს.
იმავე დღეს საჯარო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენის ადვოკატის განაცხადი და „რუსთავი 2“ ხალვაშსა (60%) და კომპანია „პანორამაზე“ (40%) გადააფორმა. მოგვიანებით დარეგისტრირდა არხის ახალი გენერალური დირექტორი - პაატა სალია.
ტელეარხის ჟურნალისტებმა, თავის მხრივ, მოითხოვეს ხელშეუხებლობის გარანტიები და პირობები წამოაყენეს.
მათი ინიციატივის თანახმად, უნდა შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალი მენეჯმენტი ვერ მიიღებს და ვერ დაითხოვს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ტელეარხის პოლიტიკურ გადაცემებს ქმნიან. ამისათვის თანამშრომლები ტელეარხზე საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმის შემოღების ინიციატივით გამოდიან.
„რუსთავი 2" და ახალი სასამართლო: არენაზე ირაკლი ოქრუაშვილი გამოდის >>
ჟურნალისტების კიდევ ერთი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას, არ შეცვალოს გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი.
ქიბარ ხალვაშმა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მეტიც, მან აღნიშნა, რომ ეძებს ახალ მედიამენეჯერს დასავლური გამოცდილებით, რომელიც ტელეარხს მაღალი დონის ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში დაეხმარება.
ოქრუაშვილის პერსონა
თავის დროზე ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დეკემბერში, გახდა პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში, 2004 წლიდან - გენერალური პროკურორი. იმავე წლის ივნისში შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, დეკემბერში კი - თავდაცვის მინისტრად.
2006 წლის ნოემბერში ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მოხსნეს და ეკონომიკური განვითარების მინისტრად დანიშნეს, მაგრამ რამდენიმე კვირაში იგი სამსახურიდან წავიდა. 2007 წელს ოქრუაშვილი სააკაშვილის მისამართით გაკეთებული არაერთი ბრალდების შემდეგ დააკავეს. მას კორუფციაში წაუყენეს ბრალი, თუმცა იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.
ამჟამად ოქრუაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოპოზიციაშია.