ბავშვების მათხოვრობა იძულებით – ბათუმში 4 არასრულწლოვნის დედა და დეიდა დააკავეს

ერთი წლის განმავლობაში დედა და დეიდა ბავშვებს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოთხი არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ბათუმში ბავშვების დედა და დეიდა დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი თავისუფალია

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ბოლო ერთი წლის განმავლობაში შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის ოთხ არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

ამ დროისთვის ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში იმყოფებიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.