პროტესტის 33-ე დღე: პარლამენტის წინ აქცია დღეიდან განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 32 დღეა მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დღეიდან განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება, იუწყება ქართული მასმედია.

20–21 ივნისის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს გირაო შეეფარდა>>>

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი საზოგადოებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ონლაინ-გადაცემებს შესთავაზებენ.

„ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოდიან ჩვენთან, ჩვენ მივალთ მათთან ტელეგადაცემით და, როგორც დავპირდით ჩვენ ადამიანებს, სანამ არ გადადგება გიორგი გახარია, მიადგება პოლიტიკური ზიანი მმართველ პარტიას", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

ლომჯარია: 20 ივნისის მოვლენების გამოძიების მთავარი პრობლემა სპეცრაზმელების იდენტიფიკაციაა

გუშინ, პროტესტის 32-ე დღეს სიტყვით გამოსვლების პარალელურად გაიმართა „ფლი–მარკეტიც", სადაც 40-მდე სტარტაპერმა გასაყიდად საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხის ნაწილი აქციის ორგანიზებას მოხმარდება.

მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. გახარიას სიტყვებით, პოლიცია 21 ივნისის ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება გაარკვევს.

ამჟამად გამოძიება ორი მიმართულებით მიდის. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი“.

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოიკითხა>>>

ამ დროისათვის მეორე მიმართულებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 12 ადამიანია მიცემული, აქედან 11 ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო დეპუტატს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად.

პოლიციის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმის ფარგლებში დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი, ერთს პატიმრობა შეეფარდა, მეორე გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.

უფრო ადრე ძალის გადამეტების საქმის ფარგლებში უფლებამოსილება ათ პოლიციელს შეუჩერდა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.