თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქვეყნოდ ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო ფერეირა საქართველოშია და ფილმში მონაწილეობას გეგმავს.
ბრაზილიის ფეხბურთის ნაკრებისა და კატალონიის „ბარსელონის“ ყოფილი ნახევარმცველი რივალდო ფერეირა საქართველოს კვირას ესტუმრა. ცნობილი ფეხბურთელი საქართველოში ერთ-ერთი ბუკმეკერული კომპანიის მოწვევით იმყოფება.
თბილისის აეროპორტში ფეხბურთელს თაყვანისმცემლები, ფეხბურთის მოყვარულები და ჟურნალისტები დახვდნენ, რომელთაც რივალდომ საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი გაუმხილა. როგორც მან აღნიშნა, იგი აპირებს გადაღებას ფილმში სახელწოდებით „არენა“.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი წინადადებას. ფილმის გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და მასში მონაწილეობა ქართველ ვარსკვლავებთან ერთად ჩემთვის დიდი პატივია“, – აღნიშნა რივალდომ ჟურნალისტებთან და თაყვანისმცემლებთან საუბრისას.
რივალდომ თავის Instagram-გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თბილისში მას კარგად დახვდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ რივალდო საქართველოში პირველად არ იმყოფება. იგი ჩვენ ქვეყანას 2017 წელსაც სტუმრობდა მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებთან ერთად. მაშინ მათ მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო მატჩში, რომელიც ხანძრის შედეგად გადამწვარი ევროპის ყველაზე დიდი – ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის აღსადგენად თანხის შეგროვების მიზნით გაიმართა. მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.