აქიმიძე და დვალი: ჩვენსა და „რუსთავი 2"-ს შორის ერთი ადამიანია და ის ქიბარ ხალვაში არ არის

2015 წლის 14 თებერვალს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში, ნათქვამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოქრუაშვილის სარჩელს ხალვაშის წილების შესახებ უარი ეთქვა: რა არჩევანის წინაშეა ექს-მინისტრი>>>

ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალი რეალობის წინაშე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ არ დატოვა ძალაში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების შესახებ.

ხალვაში: „რუსთავი 2"-ში ევროპელი ან ამერიკელი მედია-მენეჯერი დაინიშნება

ამის შემდეგ „რუსთავი2"-ის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა.

როგორც დღეს გავრცელებულ განცხადებაში ტელეკომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, აღნიშნული ტელევიზიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა და არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, შესაძლოა, საქართველოში მედიალანდშაფტი რადიკალურად შეცვალოს.

„როდესაც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ხელისუფლების შტოების დაყოფის მექანიზმი, სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს არაჯანსაღი პროცესები, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ „რუსთავი 2"-მა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია", – ნათქვამია განცხადებაში.

მათთვის კატეგორიულად მიუღებელია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს უმოქმედობა. ისინი სამართლიანობის აღდგენისთვის უკომპრომისო ბრძოლას აპირებენ და აცხადებენ, რომ „სახელწიფო ვალდებულია დაიცვას ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები".

დვალმა და აქიმიძემ რამდენიმე დღის წინაც გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს, რომ სამართლიანობა მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც ტელეკომპანია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება. დავით დვალმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.

რატომ მოითხოვს ოქრუაშვილის დაკითხვას „რუსთავი2“-ის დამფუძნებელი

ოქრუაშვილის წარმომადგენელმა, იურისტმა გია ზოდელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია „პანორამას" გადაუფორმა.

ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, „რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი მან შეისყიდა ქიბარ ხალვაშის სახელით. ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, ყალბია.

ოქრუაშვილი: „დავით დვალს მილიონ ორასი დოლარი გადავუხადე“>>>

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების მიერ 2004 წლის 16 ივნისს ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე 2012 წლის 8 დეკემბერს დაიწყო.

2015 წლის 14 თებერვალს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.