ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს

პაატა სალია აძლევს სიტყვას ჟურნალისტებს, რომ არ მოხდება ჩარევა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების კონტენტში და ჟურნალისტები მას სიტყვაზე უნდა ენდონ
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტები ახალ მფლობელს სთავაზობდნენ, ქიბარ ხალვაში უარს ეუბნება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„რუსთავი2“-ის თანამშრომლების სამი მოთხოვნა და ახალი დირექტორის პასუხი >>

ტელეარხის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია არხის ჟურნალისტებს შეხვდა, კერძოს კი „კურიერისა" და „პოსტსკრიპტუმის" გუნდს. სალიას თქმით, მან გაიარა კონსულტაციები ქიბარ ხალვაშთან, რომელიც უარს ამბობს შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად.

„რუსთავი 2“- ის ახალი გენერალური დირექტორი ასევე აცხადებს, რომ ხალვაში უარზეა გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. პაატა სალია აძლევს სიტყვას ჟურნალისტებს, რომ არ მოხდება ჩარევა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების კონტენტში და ჟურნალისტები მას სიტყვაზე უნდა ენდონ.

„წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს განსაკუთრებით იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ რეიტინგის შემცირება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება ათასი ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, რომ თუ რაიმე სიმპტომი იქნება, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას და ა.შ., ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ“, - აცხადებს პაატა სალია.

პაატა სალია: ტელეკომპანიაში სავალალო ფინანსური მდგომარეობა დაგვხვდა

შეგახსენებთ, რომ ტელეარხ „რუსთავი2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარასკევს ახალ მფლობელსა და დირექტორს განცხადებით მიმართეს და სამპუნქტიანი მოთხოვნები წაუყენეს. მოთხოვნებს შორის არის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შევიდოდნენ, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმის შემოღება და ასევე გასართობი გადაცემების წამყვანების და სარედაქციო გუნდის უცვლელად დატოვება.

ხუთშაბათს ტელეკომპანია „რუსთავი 2" ახალ რეალობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.