რომელი ქალაქი „ლიდერობს" საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მხრივ

სპეციალისტების ვარაუდით, თბილისის მაჩვენებლები ლიდერობს იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში უფრო მეტი მწეველია და მაღალია გარემოს დაბინძურების დონე
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ქვეყანაში კიბოთი დაავადებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე თბილისში გამოვლინდა, იუწყება პირველი არხი დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, დედაქალაქის ისტორიაში პირველად, ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზით რეგისტრირებულია 3720 პაციენტი, რაც 100 ათას ადამიანზე 319,3 შემთხვევას ნიშნავს. ეს კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

თბილისელებს კიბოს დამარცხებაში დაეხმარებიან

ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (303,6 შემთხვევა 100 ათას კაცზე), მესამეზე კი – აჭარა (262,3).

ცენტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 2018 წელს პირველად დაფიქსირდა 9635 ადამიანი ავთვისებიანი სიმსივნით, ანუ, 100 ათას ადამიანზე 258,5 შემთხვევა. ამას გარდა, ეს დიაგნოზი დაუსვეს 14 წლამდე ასაკის 68 პაციენტს, აქედან 26 თბილისში ცხოვრობს.

საქართველოში 2017 წელს დარეგისტრირებული იყო 9 485 შემთხვევა (254,4 შემთხვევა 100 ათას ადამიანზე).

ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სტატისტიკის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს კიბოთი დაავადებების შემთხვევების რეალურ ზრდას. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება და დაავადების შემთხვევების რეგისტრაციის პროცესის გაუმჯობესება.

ყველა ექიმი ასე ამბობს, მაგრამ არაფერი მოგივა, მოწიე – ჯანსაღი ცხოვრების წესი ქართულად>>

გამყრელიძის თქმით, კვლევა საქართველოს რეგიონებში კიბოს დაავადებების გამომწვევი მიზეზების გამოვლენის მიზნით ტარდება. თუმცა, არის ვარაუდი, რომ დაავადებულთა მაჩვენებლით თბილისის ლიდერობის გამომწვევ ფაქტორებს შორის დაბინძურებული ჰაერი და მწეველთა მაღალი მაჩვენებელია.