„რუსთავი 2" და ახალი სასამართლო: არენაზე ირაკლი ოქრუაშვილი გამოდის

ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია ეკუთვნის მას და არა ქიბარ ხალვაშს.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლისთანავე რეიტინგულ ტელევიზიაზე საკუთარი უფლებების შესახებ განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“–ში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ>>>

როგორც „რუსთავი 2" იუწყება, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. ჯერ კიდევ 2016 წელს მედიასივრცეში გავრცელდა ბერლინში 2010 წელს გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. დოკუმენტის პირობების თანახმად, თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა, მას ოქრუაშვილისთვის 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.

ზურაბიშვილი: „სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას“

ორი დღით ადრე ოქრუაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ხალვაში ადრე მისი „შნირი" იყო, ახლა კი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის „შნირია“.

„რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ადვოკატმა პაატა სალიამ აღნიშნულ დოკუმენტს ყალბი უწოდა.

ტელეკომპანია ახალი რეალობის წინაშე ხუთშაბათს დადგა, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია.

„რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

გადაწყვეტილება სტრასბურგის სახელით ანუ მენტალური რევოლუცია უსისხლოდ>>>

ამის შემდეგ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი დარჩება ადგილზე გენდირექტორ ნიკა გვარამიას გარდა. იმავე დღეს საჯარო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ხალვაშის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის წილების ხალვაშსა (60%) და „პანორამაზე" (40%) გადაფორმების შესახებ. მოგვიანებით კი დარეგისტრირდა ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია.

ჟურნალისტებმა ახალ ხელმძღვანელობას პირობა წაუყენეს: თუ გენდირექტორი კონტრაქტებს წარუდგენს ტელეკომპანიის ბირთვს – წამყვან ჟურნალისტებსა და ტელეკომპანიის სამსახურების ხელმძღვანელებს, ისინი მზად არიან ნდობა გამოუცხადონ. პასუხად სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელს პრეტენზია მხოლოდ ნიკა გვარამიას მიმართ აქვს, დანარჩენებს საკადრო ცვლილებები არ შეეხებათ, თუმცა, კონტრაქტების გაფორმებაზე საუბარი ჯერ ადრეა.