ქუთაისის „ტორპედო“ უეფას ევროპის ლიგას გამოეთიშა

პირველი რაუნდის შემდეგ ტორპედოელები ერთადერთი გუნდია საქართველოდან, რომელიც ევროთასებში ასპარეზობას ვერ გააგრძელებს.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ქართულმა საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ“ 0:2 (ორი მატჩის ჯამით 0:3) წააგო საკუთარ მოედანზე ყაზახეთის „ორდაბასისთან“ უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო საპასუხო მატჩში და ტურნირში ასპარეზობა დაასრულა.

მასპინძელმა შეხვედრა საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ქუთაისელი ფეხბურთელები ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. ყველაზე რეალური შანსი პირველი ტაიმის შუაში ჰქონდა გრიგოლ დოლიძეს, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა მეკარეს ვერ აჯობა.

გამარჯვებად ქცეული წაგება: ფოტოები „საბურთალოს“ და „შერიფის“ მატჩიდან

„ორდაბასი“, თავის მხრივ, შეტევაზე იშვიათად გადადიოდა და ძირითადად თავის დაცვით იყო დაკავებული. გასაგები იყო, რომ კახა ცხადაძის შეგირდებს ფრე სრულიად აკმაყოფილებდათ.

მეორე ტაიმი პირველისგან ნაკლებად განსხვავდებოდა. თუმცა სტუმრებმა ბურთის ფლობის პროცენტი გაათანაბრეს. შესვენების შემდეგ ჩხეტიანის გუნდმა სტუმრების კარის მისამართით მხოლოდ ერთხელ დაარტყა.

ბოლო 15 წუთში ქართულმა კლუბმა ძალები თითქმის დაკარგა. ამის შედეგი გახდა ორი გატანილი გოლი. 82-ე წუთზე გაიტანა მირზად მეხანოვიჩმა, ხოლო დამატებულ დროში გოლი შეცვლაზე გამოსულმა ზიგი ბადიბანგამ გაიტანა.

საფეხბურთო კლუბი „ჩიხურა“ უეფას ევროპის ლიგის მომდევნო რაუნდში გავიდა

ამგვარად, ქუთაისის „ტორპედო“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც 2019/2020 სეზონის ევროტურნირების პირველი რაუნდი ვერ გადალახა. მანამდე საგზური უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოიპოვა „საბურთალომ“, ხოლო თბილისის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ უეფას ევროპის ლიგაში ასპარეზობას გააგრძელებენ.

რაც შეეხება „ორდაბასის“, ცხადაძის გუნდის მომდევნო მეტოქე ჩეხეთის კლუბი „მლადა ბოლესლავი“ გახდება.