მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვა: კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტი" დოლაბაურის N29-ში სამშენებლო სამუშაოებს უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მშენებლობაზე მოზარდის დაღუპვა - საქართველოს ომბუდსმენი განგაშს ტეხს

უბედური შემთხვევა თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე 16 ივლისს მოხდა. არასრულწლოვანი მრავალსართულიანი მშენებარე სახლის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტი" თბილისში, დოლაბაურის ქუჩის N29-ში სამშენებლო სამუშაოებს უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.