ბახტაძე: საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროკავშირის წევრია

პრემიერ-მინისტრმა EQAR-ში შესვლას, ENQA-ში გაწევრიანებასთან ერთად, წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის (EQAR) წევრი გახდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უცხოეთში ქართული უმაღლესი სასწავლებლების პოპულარობას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის აპრილში საქართველო უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრიც გახდა. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა ქვეყანას EQAR-ში შესვლის შესაძლებლობა. EQAR-ში წევრობის შედეგად მოქმედი ქართული უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია ევროპულ რეესტრში შედის.

„საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უკვე ევროკავშირის წევრია, რაც ეროვნული იდეის – განათლების კიდევ ერთი გამარჯვებაა“, – განაცხადა ბახტაძემ.

მიზანი – რეგიონში ლიდერობა: თბილისში განათლების ქალაქი გაჩნდება

პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროკომისიის ინიციატივების ფონდ EURAXESS-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთოს იმ ისტორიული მნიშვნელობის პროექტებში, რომლებიც ევროპაში ხორციელდება.

პრემიერ ბახტაძის განცხადებით, განათლების სფეროს ბიუჯეტი წლიდან წლამდე გაიზრდება და 2022 წელს ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს მიაღწევს.

განათლების სისტემაში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად 500 მლნ ლარით გაიზრდება.

საქართველოს მთავრობაში დარწმუნებული არიან, რომ ის სტანდარტები და პროცედურები, რომლებიც საქართველოში დაინერგება, ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების კომპლექსურ შეფასებას.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რაც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართული იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ამ სფეროს ლიდერად ჩამოყალიბდეს.