გაბუნია: ქრონიკული მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამაში რეგისტრირებულია 60 509 მოსარგებლე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს იმაზე, რამდენი ადამიანია ამჟამად ჩართული ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში.
Sputnik

„დღევანდელი მდგომარეობით, ქრონიკული მედიკამენტებით მკურნალობის პროგრამაში რეგისტრირებულია 60 509 მოსარგებლე. პროგნოზულად, როდესაც პროგრამა იგეგმებოდა, სავარაუდო ციფრი დაახლოებით გათვლილი იყო 150–200 ათას ბენეფიციარზე. ჩვენ ვგეგმავთ ოჯახის ექიმებისთვის ფართო სასწავლო კურსის ორგანიზებას. 1300-მდე ოჯახის ექიმი მიიღებს ამ კურსში მონაწილეობას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცნობიერების ამაღლებას“, – ამბობს თამარ გაბუნია.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დიფერენცირება იხსნება და სოციალურად დაუცველ პირებთან ერთად პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა ჯგუფები მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას შეძლებენ. მანამდე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გარდა, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეებს მედიკამენტების ღირებულების 50%-ის გადახდა უწევდათ.