საქართველოს „ევრიმაჟში" ნინო კირთაძე წარადგენს

კირთაძე წარსულში ჟურნალისტი, ამჟამად ევროპაში არტჰაუსის კინოს აღიარებული ვარსკვლავია
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. კინოს მხარდაჭერის ევროპულ ფონდ „ევრიმაჟში"(Eurimages) საქართველოს ამიერიდან რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე წარადგენს, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კირთაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ ტატიშვილი შეცვალა, რომელიც პოსტს 2011 წლიდან იკავებდა.

51 წლის ნინო კირთაძე თბილისიდანაა, თუმცა 1997 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს პარიზში. იგი ბიოლოგისა და მეღვინის ოჯახში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციაში, შემდეგ იყო სააგენტოების „ფრანს პრესისა" და „ასოშიეითედ პრესის" კორესპონდენტი და მუშაობდა კონფლიქტის ზონებში კავკასიაში, ასევე იყო პარიზში „თავისუფლების ხმის" ქართული სამსახურის რეპორტიორი. მუშაობდა შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში - ჩეჩნეთში, ყარაბაღსა და აფხაზეთში.

საქართველოს „ევრიმაჟში" ნინო კირთაძე წარადგენს

ნინო კირთაძის სამსახიობო დებიუტი შედგა ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი", რომელშიც მისი პარტნიორი იყო ცნობილი ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი. ამ ნამუშევრისთვის ნინო რიგაში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო ქალის როლისთვის" პრიზით დაჯილდოვდა.

„ნინოს სარეჟისორო დებიუტი საფრანგეთში შედგა. დღეს იგი ევროპაში აღიარებული რეჟისორია – ხუთჯერ არის დაჯილდოვებული ფრანგული არტჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ, ოთხჯერ აქვს მიღებული წლის საუკეთესო ფილმის პრიზი საფრანგეთში, არის გერმანიის „ოქროს გრიმეს" მფლობელი. ნინოს არაერთი პრიზი აქვს მიღებული პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სანდენსის კინოფესტივალზე და ევროპული კინოაკადემიის "ოსკარი", - ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

ნინო კირთაძე ავტორია ფილმების: „ჩეჩნური იავნანა", „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე", „მილსადენის მეზობლები", „დურაკოვო: სულელების სოფელი", „არ ისუნთქო", „გეპატიჟებით ჩემს ეგზეკუციაზე" და ა.შ.

ქართული ფილმი მოცეკვავეთა არატრადიციულ სიყვარულზე ოდესის დასაპყრობად მიემგზავრება

ამჟამად კირთაძე თავისი ახალი ფილმის წარმოებას ასრულებს, მუშაობს ორი მხატვრული ფილმის სცენარზე და აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთისა და შვეიცარიის კინოსკოლებთან და კოლუმბიის უნივერსიტეტთან, როგორც პროფესორი.

„ევრიმაჟი" (Eurimages) — კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების ერთობლივი კინოწარმოებისა და გაქირავების მხარდაჭერის ევროპული ფონდი, რომელიც ევროპის საბჭოსთან 1988 წელს შეიქმნა. „ევრიმაჟი" ახორციელებს მხარდაჭერას კოპროდუქციის შექმნაში, კონოთეატრალური ჩვენებების მოწყობაში, ფილმების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე ხარჯების ნაწილობრივ კომპენსაციას და ფილმების დისტრიბუციას.

საქართველო „ევრიმაჟის" წევრი 2011 წელს გახდა. დაარსების მომენტიდან ფონდმა დაუჭირა მხარი 536 მილიონი ევროს ღირებულების ერთობლივი წარმოების 1797 პროექტს.