თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. რუსული ბაზრის შემცვლელის პოვნა, მით უმეტეს, საქართველოსთვის, ადვილი არაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის შედეგად ატეხილმა აჟიოტაჟმა, შემდგომ საპროტესტო ტალღამ და ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების სკანდალურმა განცხადებებმა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო გაამწვავა. აქციებზე ანტირუსული ლოზუნგებისა და საქართველოს პირველი პირების მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ, მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობას საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი სპეციალური ეკონომიკური სანქციების დაწესების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა შესთავაზა. ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის პატივისცემის გამო" მხარს არ დაუჭერს ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას.
„რუსული ბაზრის ჩანაცვლება არავისთვის იოლი არ არის - არც ევროპელებისთვის და მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის. პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა მარტივი პროცესი არ არის. ამას წლები სჭირდება. ჩვენი პროდუქცია რუსეთში ცნობილია და ძალიან კარგად იციან. მას მომხმარებელი ჰყავს. როდესაც რუსული ბაზარი დაკეტილი იყო, დივერსიფიკაცია მოხდა და ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი უნდა დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, ქვეყნის მტრები არიან“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტით გამოწვეულმა ზარალმა, შესაძლოა, 750 მილიონ დოლარს მიაღწიოს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტები უკვე საუბრობენ სასტუმროებში დიდი რაოდენობით ჯავშნის გაუქმებაზე. 2018 წელს უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.