ბრძოლა საკუთარ სულში ჩასახლებულ მხეცთან: ლოკარნოში ქართულ ფილმს აჩვენებენ

ფილმი მოგვითხრობს იმაზე, როგორი რთულია ადამიანური სახის შენარჩუნება მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. ქართველი რეჟისორის, ამირან დოლიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ცხოველი“ ლოკარნოს 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. ფესტივალი 2019 წლის 7-17 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.

გიგა აგლაძის Another me: ფილმი დევიდ ლინჩის პროდიუსერობით

ახალგაზრდა რეჟისორის სურათი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში - „ხვალინდელი დღის ლეოპარდებში“ მონაწილეობს. ეს სექცია ორი ნომინაციისგან შედგება - საერთაშორისო და შვეიცარიული კინო. კონკურსის გამარჯვებულებს აჯილდოებენ „ოქროს ლეოპარდით“ და 10 ათასი შვეიცარიული ფრანკით, ასევე „ვერცხლის ლეოპარდით“ და 5 ათასი შვეიცარიული ფრანკით.

ნიშანდობლივია, რომ 2015 წელს ამ კონკურსში „ოქროს ლეოპარდის“ პრიზი და 10 ათასი შვეიცარიული ფრანკი დაიმსახურა ქართველი კინორეჟისორის, დავით (დათა) ფირცხალავას ფილმმა „მამამ“.

რაც შეეხება სურათ „ცხოველს“, იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა უმუშევარ მამაკაცზე, რომელსაც უჭირს ღირსებისა და პატიოსნების შენარჩუნება რთული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე. მთავარ როლს ფილმში ასრულებს რეჟისორი დათა ფირცხალავა, რომელმაც მსახიობის ამპლუაში ძალები პირველად მოსინჯა.

ბრძოლა საკუთარ სულში ჩასახლებულ მხეცთან: ლოკარნოში ქართულ ფილმს აჩვენებენ

„ცხოველის“ რეჟისორ ამირან დოლიძეს ქართველი მაყურებელი იცნობს დოკუმენტური ფილმებით „განძი“, „მე, სამფეხა და ზურაბ რთველიაშვილი“ „რეპეტიცია“, „მერე იტყვიან: ხომ გეუბნებოდით, გიჟიაო“.

კინოფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. ლოკარნოში ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება. ქართველი მაყურებელი კი სურათის ნახვას 2020 წელს შეძლებს.

საქართველოს „ევრიმაჟში" ნინო კირთაძე წარადგენს >>

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ფესტივალია. 1946 წლიდან ის ყოველწლიურად, აგვისტოში, შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში იმართება.

ევროპის მასშტაბით ლოკარნოს ფესტივალი, კანის, ვენეციისა და ბერლინის ფესტივალების შემდეგ, მიჩნეულია მნიშვნელობით მეოთხე კინოფესტივალად. სწორედ მან გაუხსნა გზა დიდ კინოში არაერთ რეჟისორს, მათ შორის - კლოდ შაბროლს, სტენლი კუბრიკს, პოლ ვერხოვენს, მილოშ ფორმანს, მარკო ბელოკიოსა და სხვ.