ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გახარიამ ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებისგან დაიცვა.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს, რადგანაც პოლიციამ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ ძალა ლეგიტიმურად გამოიყენა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში მმართველი პარტიის რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

ივანიშვილი: „50%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელი">>>

საქართველო 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა - მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. იმავე დღეს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი.

„ძალა ლეგიტიმურად იყო გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით კითხვები არავის აქვს. შესაბამისად, თუ იქნებოდა ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი სიტყვებით, 20-21 ივნისის ვიდეოჩანაწერების ნახვის შემდეგ არც აშშ-დან და არც ევროპიდან პოლიციელთა მხრიდან ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვა არავის ჰქონია.

„არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის. შევხვდი ევროპელებს, ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია. ის კადრები, რაც ნახეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე არავის კითხვა არ უჩნდება. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა. თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. დღეს გიორგი გახარიას გადადგომა პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის ღალატი იქნებოდა", – აღნიშნა ივანიშვილმა.

მეზვრიშვილი: აქციის დაშლის საქმეზე პროკურატურაში გახარია შეიძლება დაიბარონ

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განმარტებით, პოლიციამ 20-21 ივნისს სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა.

„გახარიას გადადგომა ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს. როდესაც ხდება ძალადობა, დარტყმის მიტანა ძირითად ინსტიტუტზე - პარლამენტზე და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა... მან სახელმწიფო ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან დაიცვა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს – პოლიციის მიერ ძალის გადამეტება და აქციის მონაწილეთა მიმართ ორი მუხლით - „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“.

გახარიამ არ გამორიცხა, რომ მერაბიშვილის ბედი შეიძლება გაიზიაროს>>>

პირველ შემთხვევაში, ამ დროისთვის შსს-ს ორი თანამშრომელია დაკავებული, მეორე შემთხვევაში კი აქციის რვა მონაწილე.

გარდა ამისა, არეულობის ორგანიზების ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკანორ მელიას, რომელსაც პარლამენტმა 26 ივნისს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის.