ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი თეო გილიგაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც გუშინ მშენებლობაზე გარდაცვლილ ბიჭს ეძღვნება.
ირკვევა, რომ სანამ ბიჭი თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდოდა, მას ძმა დაეღუპა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. ერთადერთი დედა დარჩა. მის სარჩენად თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა და პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა.
„უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, უპატრონობის გამო - მშენებლობას რომ არავინ ამოწმებს, დაუსჯელობის გამო, წინა კვირას რომ ორი კაცი მოკვდა და ისინიც ყველას ეკიდა, როგორც ამას დაიკიდებენ, მაგის გამო. მეთერთმეტე კლასელი ბავშვი მოკვდა მშენებლობაზე, იქ, სადაც ბანერი ჰქონდათ გაკრული - ბავშვები მოარიდეთ ტერიტორიას, საშიშიაო - იქ მოკვდა!
მეთერთმეტეკლასელი ბიჭი, მისი ტოლები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად რომ წავიდნენ, ეს მშენებლობაზე მოკვდა. სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. ნეტავ ოდესმე თუ გვექნება სახელმწიფო? ეს გაუგებრობა და არქიფო სეთურის გათანამდროვებული კომპაქტური ჩასახლება კი არა, სახელმწიფო, სადაც ბავშვის მძიმე შრომა და დაღუპვა ქვეყნის ტრაგედია იქნება?“, - წერს თეო გილიგაშვილი.
თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახი საკმაოდ გაჭირვებულია.