IRI: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს – პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები

IRI-ს კვლევების თანახმად, ლიდერთა სამეულში არიან „ქართული ოცნება", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო".
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდასაჭერად ამომრჩეველთა 26%-ია მზად, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კითხვა ამგვარად დაისვა: „მომავალ კვირა დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?" რესპონდენტების 22%-მა ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" (ენმ) მიანიჭა უპირატესობა. მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", რომელიც 2017 წელს ენმ-დან გამოყოფილმა პოლიტიკოსებმა დააფუძნეს – მას 7% უჭერს მხარს.

კალაძე: უსუსურია „ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა, ეს მედიაზე ზეწოლად შეფუთოს>>

პარტიებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და „ლეიბორისტული პარტია" ხუთ-ხუთი პროცენტი აქვთ.

დანარჩენი პარტიების რეიტინგი 2%-ს არ აჭარბებს.

როგორ ჩაიარა საარჩევნო რეფორმის პირველმა განხილვამ

რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგს, აქ პირველ ადგილზეა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მეორეზეა თბილისის მერი კახა კალაძე, ხოლო მესამეზე – ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

IRI სრული კვლევის გამოქვეყნებას კვირის ბოლომდე აპირებს.

ამ ეტაპზე ასევე ცნობილია, რომ გამოკითხვა ივნისში, თბილისში საპროტესტო აქციების დაწყებამდე ჩატარდა.

საპროტესტო აქციები თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს. ის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო და 20 ივნისის ღამეს არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ აქცია რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი.

20–21 ივნისის საქმეზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს>>

აქციები თბილისში დღემდე გრძელდება. მომიტინგეებს დარჩათ მხოლოდ ერთი მოთხოვნა - შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. მანამდე შესრულდა ყველა მოთხოვნა: თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, გათავისუფლდა აქციის დროს დაკავებული თითქმის ყველა პირი, ასევე საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.