რა თქვეს ქართველმა დეპუტატებმა რუსეთის დუმაში გამართულ შეხვედრაზე

სახელმწიფო სათათბიროში ორშაბათს რუსეთ–საქართველოს დიალოგის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართველ დეპუტატთა დელეგაციას გიორგი ლომია ხელმძღვანელობს.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს ბევრი მცხოვრები პატივისცემით შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეაქციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ამ რეაქციას აწონილ-დაწონილად და პასუხისმგებლობით აღსავსედ აფასებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ლომიამ რუსეთ-საქართველოს პარლამენტთაშორისი ჯგუფის შეხვედრაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

კარასინი მოსკოვში ჩასულ ქართველ დეპუტატებს არ შეხვდება

სახელმწიფო სათათბიროში ორშაბათს რუსეთ-საქართველოს დიალოგის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ქართულ დელეგაციას დეპუტატი გიორგი ლომია ხელმძღვანელობს. მოსკოვში მასთან ერთად იმყოფებიან ადა მარშანია და გოჩა თევდორაძე.

„ჩვენ ვაფასებთ რუსეთის პოზიციას, რომელიც არ აჰყვა პროვოკაციებს. რუსეთის პრეზიდენტის გონივრული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები პატივისცემას იმსახურებს. მე ვიტყოდი, რომ ეს დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილებებია. საქართველოს მოქალაქეები დიდი პატივისცემით მოეპყრნენ ამ გადაწყვეტილებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი პარტია და ქართველი ხალხი არ ეთანხმება ბინძურ, ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელ მეთოდებს, რომლებსაც ჩვენი ზოგი პოლიტიკური ძალა მიმართავს“, — განაცხადა ლომიამ.

რაც შეეხება ადა მარშანიას, მისი აზრით, ქართველი დეპუტატების რუსეთში ვიზიტი თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დალაგებას შეუწყობს ხელს.

„დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი ვიზიტი როგორღაც დაალაგებს მომხდარს და თუნდაც მცირედით განმუხტავს ვითარებას... გვაქვს დავალება ჩვენი საზოგადოებისგან და მისი ნება იყო აქ ჩამოსვლა და იმის მაქსიმალურად ახსნა, რა მოხდა იქ“, — უთხრა მარშანიამ ჟურნალისტებს.

რუსული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი და დეპუტატები ყაზბეგ ტაისაევი და არტიომ კავინოვი.

ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რუსეთში წასვლა 20 ივნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე გადაწყვიტეს.

თბილისში მიმდინარე აქციებისას ქვეყნის პირველი პირების მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების შემდეგ, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა, ხოლო ტუროპერატორებს საქართველში ტურების გაყიდვის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცა.

საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ძლიერ დარტყმას მიაყენებს ტურიზმის სფეროს, ვინაიდან ბოლო წლებში სწორედ რუსი ვიზიტორები ლიდერობენ ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს შორის.