მარნეულში ზარალს ითვლიან

ადგილობრივების განცხადებით, თუ სანიაღვრე სისტემა არ მოწესრიგდა, ისინი მუდმივად საფრთხის წინაშე იქნებიან.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სტიქიისგან დაზარალებულ მარნეულის სოფლებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სტიქია მარნეულში: ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს – იმირი, წითელსოფელი, ხიხანი, მარადისი, საიმერლო – სამდღიანმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შეუქმნა.

ძლიერი წვიმისგან გაჩენილმა ნიაღვრებმა და სეტყვამ სახნავ-სათესი სავარგულები, სახლების სახურავები, ღობეები და შიდა გზები დააზიანა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც.

„სტიქიამ დაახლოებით ოთხი-ხუთი სოფელი დააზარალა. ზოგ სოფელში განადგურებულია სახლების სახურავები, სადაც ჩვენ პირველ დახმარებად დავარიგეთ სპეციალური ტენტები. მოსახლეობას სახურავების შეკეთებაშიც დავეხმარებით. ადგილზე მუშაობენ ჯგუფები", – განაცხადა მარნეულის მერმა ზაურ დარგალიამ.

მისი განმარტებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს დაითვლის.

ადგილობრივების განცხადებით, სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები, რის გამოც ყოველი ძლიერი წვიმის დროს მსგავსი პრობლემები ექმნებათ. მათი თქმით, თუ სანიაღვრე სისტემა არ მოწესრიგდა, ისინი მუდმივად საფრთხის წინაშე იქნებიან.