არჩილ თალაკვაძე ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ორშაბათს პირველი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში თალაკვაძე კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის ლიდერთა ფორუმში მიიღებს მონაწილეობას და ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართავს.

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავშეკავებით იმოქმედოს

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის თავმჯდომარესთან დევიდ პრაისთან, კონგრესისა და სენატის წევრებთან, სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწე ფილიპ რიკერთან, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელ მარკ გრინთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტი 20 ივლისს დასრულდება.

თალაკვაძის გარდა დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები თამარ ჩუგოშვილი და სერგი კაპანაძე.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის 1992 წელს დამყარდა, ხოლო განსაკუთრებით გააქტიურდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა, როდესაც ქვეყნებმა გააფორმეს „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა საქართველოში გერმანიის „ჰოჰენფელსის" ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრი ააშენა.