ქართველი დეპუტატი მოსკოვში რუს კოლეგებთან შესახვედრად გაემგზავრა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები მოსკოვში შეხვედრებს გეგმავენ
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი გიორგი ლომია მოსკოვში ჩაფრინდა, ნათქვამია ტელეგრამ-არხზე „Sputnik-ახლო საზღვარგარეთის“ განცხადებაში.

მისი თქმით, დელეგაციის კიდევ ორი წევრი - პარლამენტის დეპუტატი ადა მარშანია და თბილისის საკრებულოს დეპუტატი გოჩა თევდორაძე - მოსკოვში ორშაბათს დილით გაემგზავრებიან.

ოპოზიციონერები რუსეთში გამგზავრება ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე გადაწყვიტეს, რომელიც რუსი დეპუტატის, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლით და შემდგომი საპროტესტო ტალღით არის განპირობებული. მომიტინგეები ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

თარიღი ცნობილია: როდის შეხვდებიან ქართველი და რუსი დეპუტატები მოსკოვში >>

მოსკოვში ქართველი დეპუტატები კოლეგებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროდან და ფედერაციათა საბჭოს წევრებს შეხვდებიან. ისინი თბილისსა და მოსკოვს შორის არსებულ ურთიერთობებს და კრიზისის გადალახვის პერსპექტივებს განიხილავენ.

ადრე  სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილავენ თანამშრომლობის საკითხებს პოლიტიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.