პროტესტის 25-ე დღე - პარლამენტის წინ სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება

ნივთების გაყიდვიდან შესული თანხის 20% აქციების საორგანიზაციო ჯგუფის ანგარიშზე გადაირიცხება
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი - Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში საპროტესტო აქციები 25-ე დღე მიმდინარეობს. ადამიანები ყოველ დღე 19:00 საათზე იკრიბებიან. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება მანამ, სანამ თანამდებობას არ დატოვებს შს მინისტრი გიორგი გახარია, როგორც 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი.

დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სტარტაპერები შეუერთდნენ. ღონისძიებაში მონაწილე პირებს სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ასევე სუვენირები აქვთ გამოტანილი.

„მე წარმოვადგენ კომპანია „ლივლივს“. წარმოდგენილი მაქვს სამაგიდო თამაში „ულალა“. მიზანი არის ის, რომ არ მინდა საქართველოს პარლამენტში იჯდეს რუსი დეპუტატი და არ მინდა საქართველოს მთავრობა აბრმავებდეს ქართველ მოქალაქეებს. მინდა რომ ყველა ლივლივებდეს და იყოს თავისუფალი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გიგა ბოკერია: ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო

ორგანიზატორების ინფორმაციით, ნივთების გაყიდვიდან შესული თანხის 20% რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების საორგანიზაციო ჯგუფის ანგარიშზე გადაირიცხება.

თბილისში ვნებათაღელვა 20 ივნისიდან არ ცხრება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს.

20 ივნისის ღამეს აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.