„შვილები ვერ მცნობდნენ...“- ვინ არის ქართველი ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა

სოციალურ ქსელში მარიამ სირბილაძე ემოციურ ისტორიას აზიარებს
Sputnik

„მე სიკვდილი მოვკალი, ადამიანებო. მე ის მოვკალი და თავიდან დაბადება არის ყველაზე დიდი, გრანდიოზული მოვლენა, რაც კი შეიძლებოდა ერთ სიცოცხლეში ჩამეტია და მომესწრო“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ახალგზარდა ქალს, მარიამ სირბილაძეს, რომელმაც სიმსივნე დაამრცხა.

მარიამმა გავლილი ურთულესი დღეების შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
„ვიღვიძებდი შუაღამისას და ვუყურებდი ქალების ფოტოებს, იმ ქალების ფოტოებს როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი. ლამაზი, გამხდარი, გრძელი თმით, მოვლილი, სასურველი, სექსუალური. ვიღვიძებდი დილით, ვიღებდი შხაპს, ვხარშავდი ყავას, ვიწებებდი წამწამებს ,ვიხატავდი წარბებს, ვიკეთებდი მაკიაჟს, ვირგებდი პარიკს, მივდიოდი სამსახურში, ექიმთან, თერაპიაზე და ასე გრძელდებოდა სრული შვიდი თვე. შვიდი საზიზღარი თვე და ზოგჯერ მართლა არ მქონდა იმედი, რომ ოდესმე რამე შეიცვლებოდა. უბრალოდ არ მინდოდა ასეთი მოვმკვდარიყავი, მოსულიყო ხალხი და ვერ ვეცვნე, არ მინდოდა სხვა ადამიანი დაემარხათ, თუ სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა“, -წერს მარიამი.
მისი თქმით, ქიმიოთერაპია გასულ 24 დეკემბერს დაასრულა და 27 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა, სადაც ახლობლები ვერ ცნობდნენ.
„მიყურებდნენ ჩემი შვილები, თავზე ხელს მისმევდნენ და მეკითხებოდნენ - დედა, რა დაგემართა? 11 თვე და 19 დღე გავიდა და ამ დროში ათი სიცოცხლე ვიცხოვრე. რომ არა 19 ივლისი ჩემს ცხოვრებაში, ვერასოდეს ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ეხლა ვარ. კიბომ მომკლა და მე თავიდან გავცოცხლდი. ამიტომ ჩემს ერთ ცხოვრებაში ორჯერ იცხოვრა ერთმა ადამიანმა. ამიტომ შეგიწუხეთ გული 29374628292 ფოტოს გამოქვეყნებით. მიხარია, მიხარია ის რომ ცოცხალი ვარ, რომ ისევ ლამაზი ვარ და უბრალოდ უნდა გამიგოთ“, - წერს ქალი.
მარიამი სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ამხნევებს და ამბობს, რომ ექიმთან წასვლა არ ნიშნავს სიკვდილს, პირიქით, გამოკვლევაზე წასვლა ნიშნავს სიცოცხლეს, იმედს, პრევენციას.