საზღვაო აკადემიის კურსანტებმა ბათუმში მსვლელობა მოაწყვეს

მეზღვაურის საერთაშორისო დღის ოფიციალური ნაწილი ბათუმის პორტში გაიმართა
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ღონისძიება ტრადიციულად დაიწყო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტების საზეიმო მსვლელობით ქალაქის ქუჩებში, ღონისძიების ოფიციალური ნაწილი პორტში მე-11 ნავსადგომზე გაიმართა.

საზღვაო აკადემიის კურსანტებმა ბათუმში მსვლელობა მოაწყვეს

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

თურნავამ და რიჟვაძემ სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის მეზღვაურებსა და კურსანტებს ღირსების ორდენები, პრეზიდენტის ჯილდოები და სტიპენდიების მოწმობები გადასცეს.

სამსახურში დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს და ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს.

გარდა ამისა, შაბათს მე-10 ნავსადგომთან მდებარე სკვერს „მეზღვაურების სკვერის“ სახელწოდება მიენიჭა.

საქართველოს მეზღვაურის საერთაშორისო დღეს მეცხრე წელია აღნიშნავს. დღესასწაული 2010 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ დააწესა.

მეზღვაურის დღე 25 ივნისს აღინიშნება. თბილისში 20-21 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენების გამო დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე მოხდა არეულობები, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.