დღეს პეტრე–პავლობაა

მართლმადიდებელი მორწმუნეები დღეს პეტრე–პავლობის დღესასწაულს ზეიმობენ.
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 12 ივლისს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს – პეტრე–პავლობას აღნიშნავს.

ილია მეორე: ცხოვრების გზაზე მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს

სადღესასწაულო მღვდელმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში, ტრადიციულად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება.

პეტრე–პავლობის დღეს სამებაში მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება – ილია მეორე ნათლავს ოჯახების ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს. ამ ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

თავმოციქულები პეტრე და პავლე

ქრისტეს მოწაფეთა — მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს – წმინდა პეტრე და პავლე, რომელნიც წმინდა მღვდელთმთავარ იოანე ოქროპირის სიტყვით „აღემატნენ ყოველგვარ ბუნებას მიწიერსა და ზეციურს. პეტრე–პავლობის მარხვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აღდგომის თარიღზე და იგი სხვადასხვა წლებში 8-დან 42 დღემდე გრძელდება.

დღეს პეტრე–პავლობაა

მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახ. სტილით – 12 ივლისს) აღინიშნება.

ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს", ანუ სულთმოფენობის, აღდგომის ორმოცდამეათე დღის შემდგომს უწოდებდნენ. იგი ჯერ კიდევ თვით მოციქულებს დაუწესებიათ.

ილია მეორე: ადამიანები თხოულობენ ახალ პირობებს, რომელიც არც ისე ადვილია მოიპოვო>>>

სულთმოფენობის შემდგომ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის. ისინი ურიცხვ სასწაულებს აღასრულებდნენ. სნეულებს ხელის შეხებით კურნავდნენ. აგრეთვე სცხებდნენ წმინდა ზეთს, რის შემდეგაც მორწმუნე ადამიანი განიკურნებოდა სნეულებისგან და მრავალი ავადმყოფობისგან. წმინდა მოციქულები არა მარტო სიტყვით მოძღვრავდნენ ადამიანებს, არამედ უმთავრესად საქმით აღასრულებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას.

პეტრე მოციქულს თვით მაცხოვარმა უწოდა კლდე და აღუთქვა ამ კლდეზე ეკლესიის აშენება. კლდე თვით მოციქულ პეტრეს სარწმუნოება იყო. სწორედ კლდესავით შეუვალი და მყარი იყო მოციქული პეტრე. მართალია, მან უფალი სამგზის უარყო, მაგრამ პეტრე ამავდროულად მაცხოვრის მხურვალე სიყვარულის გამო ადამიანური ბუნებით საკუთარ თავში დაჯერებული აღმოჩნდა.

პეტრე მოციქული ამის შემდეგ ღრმა სინანულმა შეიპყრო. ის გამცემი იუდასავით კი არ მოიქცა და თავი კი არ ჩამოიხრჩო, არამედ გადგა ცალკე და მწარედ ტიროდა. ეს სინანული მას ცხოვრების ბოლომდე არ განელებია. მას ცრემლისგან ღაწვზე ღარი გაუჩნდა და ამიტომაც ხატებზე ის ცრემლით დაღარული გამოისახება.

პავლე მოციქული სიყვარულის ზღვა არის. ყოველი მისი ეპისტოლე ცხადად მეტყველებს მის დიდ სიყვარულზე ღვთისა და ადამიანების მიმართ. ვერც ერთმა საღმრთო მწერალმა ისე ვერ გადმოსცა და აღწერა, თუ რა ძალა აქვს ქრისტესმიერ სიყვარულს, როგორც მან. თუ სიყვარული არ გაქვს, წერს წმინდა მოციქული პავლე, „რაგინდ ვწინასწარმეტყველებდეთ და ყოველი საიდუმლო და ყოველი მეცნიერება ვიცოდეთ, რწმენაც რომ გვქონდეს იმ ზომის, რომ მთა ვაბრუნოთ და გადავიდეს თავის ადგილიდან, ამას თუ სიყვარული არ ახლავს, ანგელოზთა ენაზეც რომ ვლაპარაკობდეთ, ფასი არ ექნება არაფერს".

წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სულთმოფენობის დღესასწაულის შემდგომ მათი ხსენება დააწესა და მარხვა დაადგინა. ეს მოხდა ესპანეთის 517 წლისა და ტრულის (სვეტს ნიშნავს) 582 წლის საეკლესიო კრებაზე.

თავდაპირველად პეტრე-პავლობის მარხვა მხოლოდ ერთ კვირას გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა – დადგინდა, რომ მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე უნდა ემარხულათ.

პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა. ჩვენთან, საქართველოში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამიტომ მისი ლოცვა-კურთხევით პეტრე-პავლობის წმინდა მარხვა ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია.

ორივე მოციქული რწმენისთვის ერთ დღეს აწამეს. პეტრე ჯვარზე თავით ქვევით დაკიდეს, პავლეს კი თავი მოკვეთეს. ამიტომაც ეკლესია მათ ერთ დღეს მოიხსენიებს.

პეტრე–პავლობის მეორე დღეს წმინდა ეკლესია იხსენებს წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედეს ძეს, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მატეს იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს, იგივე თადეოზს, სვიმონ მოშურნესა და მატათას.

ამავე დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.

საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს.

მასალა ღია წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა