ნინო ქათამაძეს, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში შესვლა შეეზღუდოს

რუსეთის ფედერაციის საბჭო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომღერალ ნინო ქათამაძისათვის რუსეთში შესვლაზე შეზღუდვის წინადადებით მიმართავს.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭო საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიტანს წინადადებას, შეეზღუდოს მომღერალ ნინო ქათამაძეს რუსეთში შესვლა, განუცხადა ჟურნალისტებს საინფორმაციო პოლიტიკისა და მედიასთან ურთიერთობის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მანამდე პუშკოვმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქათამაძეს, რომელმაც „რუსოფობიული განცხადებები გააკეთა“, რუსეთში შესვლა უნდა აეკრძალოს.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან... და წინადადებით შევალთ“, — აღნიშნა პუშკოვმა.

ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში

გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ქათამაძემ 30 ივნისს Facebook-ზე დაწერა, რომ მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მისი თქმით, 22 ივნისს ჰქონდა უმძიმესი კონცერტი, რომელზეც უარი მან მხოლოდ და მხოლოდ ცხრა წლის უსინათლო გოგონას გამო ვერ თქვა. აღსანიშნავია, რომ ამ კონცერტზე ქათამაძე ჯგუფ Insight-თან ერთად ფესტივალ Усадьба Jazz-ის ფარგლებში მონაწილეობდა, სადაც მან სიმღერა „სულიკო“ შეასრულა ბავშვის აკომპანემენტით, რომელზეც კონსტანტინ ხაბენსკის ფონდი ზრუნავს. გარდა ამისა, ქათამაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში.