ყვითელი ამბები

თბილისის მერი სამსახურში სკუტერით სიარულს აპირებს?

თბილისის მერი, რომელიც ავტომანქანების მოყვარულია, ახალი ტრანსპორტით გამოჩნდა.
Sputnik

თბილისის მერმა კახა კალაძემ Instagram-ის პირად გვერდზე რამდენიმე საათის წინ პარიზიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ყოფილი ფეხბურთელი ელექტროსკუტერზე დგას. სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტომ აღაფრთოვანა, რამდენიმეს კი გაუჩნდა სურვილი, აღნიშნული ტრანსპორტი თბილისშიც იყოს.

„სამსახურში ტაქსის ნაცვლად სკუტერით წავალ. ნაკლები გამონაბოლქვი და საცობი იქნება“, - დაუწერა „პირველი არხის“ ჟურნალისტმა გურამ როგავამ თბილისის მერს.
თბილისის მერის კომენტარმაც არ დააყოვნა. კახა კალაძემ დაწერა, რომ სკუტერები მალე თბილისშიც იქნება. თბილისის მერიის ბოლოდროინდელი პროექტები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ეხება, ძირითადად იქითაა მიმართული, რომ ჰაერის დაბინძურების დონე, რომელიც თბილისში კრიტიკულ ზღვარს აღწევს, მინიმუმამდე დავიდეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ცოტა ხანში დედაქალაქის მცხოვრებლები ავტომობილებიდან ელექტროსკუტერებზე გადასხდნენ.