თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები პარლამენტის ქვედა პალატის განცხადების პროექტში აღნიშნავენ, რომ საქართველოს რადიკალურ ძალებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დეგრადაციამდე მიჰყავთ.
„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფედერალური კრების დეპუტატები კატეგორიულად გმობენ საქართველოში მიმდინარე უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს და აღნიშნავენ, რომ ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია გამოხდომებს რუსულ-ქართული ურთიერთობების შემდგომი დეგრადაციისკენ მიჰყავს საქმე“, — ნათქვამია დუმის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მიმართ შესაძლო დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ეხება.
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის პროგრამა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვებამ პრაქტიკულად მთელი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო და საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. საავტორო გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსულ ენაზე უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და მის განსვენებულ მშობლებს. ჟურნალისტის ამ მონოლოგის შემდეგ სოციალური ქსელი კომენტარებით აივსო. გაბუნიას გამოსვლა გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარი ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობად შეაფასა. ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ ქართველი ჟურნალისტის საქციელი „უპრეცედენტო სიმდაბლედ“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქართული რადიკალური ძალების ღია პროვოკაციაა.