გიორგიმ დღემდე საკმაოდ რთული და მძიმე ცხოვრება განვლო. 15 წლის ასაკში მისმა წონამ 260 კილოგრამს მიაღწია, რის გამოც საზოგადოების მხრიდან დამცირებას, დაცინვას და შეურაცხყოფას იტანდა. ამავე დროს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად მოიკრიბა ძალა და დაიწყო ჭარბ წონასთან ბრძოლა. დღემდე გიორგიმ 140 კილოგრამი დაიკლო. დანარჩენს ის თავად მოგიყვებათ.
- როგორ მოხდა, რომ მაქსიმალურ წონას მიაღწიეთ, ბავშვობიდან გაწუხებდათ ჭარბი წონა?
- როგორც მშობლებისგან ვიცი, დავიბადე სრულიად ნორმალური წონის – 3,800 კგ. თუმცა გენეტიკურად ოჯახში ყველა ჭარბწონიანია. ასე რომ, სიმსუქნის გენი ჩემში საკმაოდ მყარად ზის. შესაბამისად, გამხდარი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ვიყავი ნორმაზე დიდი წონის. თუმცა ბავშვობაში პათოლოგია ნამდვილად არ მქონია. ვიყავი ძალიან მოძრავი და აქტიური, ყველა თამაშს ჩვეულებრივად ვთამაშობდი და უბნის ბავშვებს არაფერში არ ჩამოვუვარდებოდი, მით უმეტეს ფეხბურთში. იმ ეტაპზე ჩემი წონა არ წარმოადგენდა რაიმე პრობლემას, მაგრამ ასაკთან ერთად წონის ზრდაც ხდებოდა. სწორედ ამ პერიოდში ქუჩაში ძალიან არასასიამოვნო კომენტარებს ვისმენდი ჩემი მისამართით და თან არა ბავშვებისგან, არამედ ზრდასრული ადამიანებისგან. ზოგიერთი თავს უფლებას აძლევდა და მაგინებდა კიდეც. მაშინ 10-12 წლის ვიყავი. ამ ნეგატივმა და აგრესიამ ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, მწვავედ ვრეაგირებდი ამაზე. რომ აღარ მომესმინა ყოველივე ეს, ჩავიკეტე სახლში. აღარსად დავდიოდი, დღისით მეძინა და ღამით ვიჯექი, გამუდმებით ვჭამდი და ერთ ზამთარში დაახლოებით 80-90 კილო მოვიმატე. ასე დავიწყე წონაში მატება.
- ალბათ ძალიან რთული პერიოდი გაიარეთ. რა პრობლემები შეგიქმნათ ჭარბმა წონამ, რა სირთულეებს აწყდებოდით ცხოვრების გზაზე?
- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდი ჭარბი წონის გამო. ამ თემაზე ბევრჯერ მისაუბრია და არ მინდა საზოგადოებისთვის მოსაბეზრებელი იყოს. ხშირად ჩემი წონის გამო აგრესია მოდიოდა ჩემზე და თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. არადა, ჩემთვის ვიყავი, არავის არაფერს ვუშავებდი, მაგრამ სადაც უნდა წავსულიყავი, მუდამ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, ფაქტობრივად გარიყულად ვგრძნობდი თავს.
მახსოვს, ერთხელ ცუდად გავხდი და დედამ სასწრაფოს გამოუძახა. სასწრაფომ წამიყვანა საავადმყოფოში და მიმღებში ექიმი იჯდა. შემომხედა საშინლად გაბრაზებულმა და მერე თავის თანამშრომლებს ჩემი თანდასწრებით უღრიალა – რამდენჯერ გითხარით, ენდოკრინული ავადმყოფები აქ არ მომითრიოთო. სწორედ ამიტომ გავხდი ფიტნეს–ტრენერი და მინდა ყველა ადამიანს დავეხმარო ჭარბი წონის დაკლებაში, ვიყო მათთვის მთავარი მოტივატორი. ძალიან რთულია ზედმეტი კილოგრამების გამო გახდე დაცინვის ობიექტი, თითქოს დამნაშავე ხარ. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელი მიდგომაა და ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ სხვა ადამიანებს ზიანი არ მივაყენოთ რაიმე ნაკლის გამო.
- როდის მიხვდით, რომ ეს უნდა დასრულებულიყო, როგორ დაიწყეთ კლება, რა მეთოდებით დაიკელით?
- 15 წლის ასაკში, როცა ჩემი წონა უკვე 260 კილოს შეადგენდა. მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ზოგადად ასეა, სანამ თვითონ არ გააცნობიერებ პრობლემის არსს, იქამდე არაფერი გამოვა. 140 კილო დავიკელი სწორი კვებით და ვარჯიშით, მაგრამ საკმაოდ რთული გზა გავიარე. ვარჯიში არ არის მარტივი, მით უმეტეს მაშინ, როცა შეუჩვეველი ხარ და გიწევს ბევრ რამეზე უარის თქმა, რეჟიმის დაცვა. მაგრამ მე ეს შევძელი და დღეს ფიტნესი არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი – საქმე, რომელიც მსიამოვნებს, ყოველდღიურად ძალას მმატებს და ვცდილობ სხვა ადამიანებსაც დავეხმარო.
- ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად ვინ გედგათ გვერდით? ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ თანადგომას. ვინ გეხმარებოდათ, ვინ გაძლევდათ სტიმულს?
- დედაჩემი და ჩემი და ყოველთვის იყვნენ ის ადამიანები, ვინც ზრუნავდნენ ჩემზე და მოტივაციას მაძლევდნენ. სიმსუქნე ხომ ისეთივე დაავადებაა, როგორც მრავალი სხვა. თუ შენ ეს გაქვს გათვითცნობიერებული, შენ უკვე იცი, რომ მთელი ცხოვრება უნდა აკონტროლო დაავადება, რომ უკან აღარ დაბრუნდეს. დედაჩემი ზუსტად ის ადამიანია, ვისაც ეს ყოველთვის ესმოდა და ისიც ესმოდა, რომ მე იმიტომ კი არ ვჭამ ამდენს, რომ სულ მშია, არამედ იმიტომ, რომ რაღაც მაწუხებს ფსიქოლოგიურად. ამიტომ ამ პერიოდში დედა იყო ჩემი ფსიქოლოგიც და ენდოკრინოლოგიც. იმის თქმა მინდა, რომ ვინაიდან მე დავკარგე რწმენა ადამიანებში იმ პერიოდისთვის, არსად არ დავყვებოდი არც ერთ ექიმთან, თუმცა დღეს ძალიან მიკვირს, მაშინ რატომ ჩავიკეტე ასე. ყველაფერში მხარში მედგნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ჩემი წამოწყებისათვის. მთავარი ის არის, რომ მათ ჩემი სჯეროდათ და, შესაბამისად, მეც ვირწმუნე საკუთარი თავის. შეუძლებელი არაფერია!
- დღემდე ჯამში რამდენი კილოგრამი დაიკელით და კიდევ რამდენის დაკლება გსურთ?
- სულ 140 კილო მაქვს დაკლებული, წონას დღემდე ვებრძვი, ციფრებში არ ვიცი, რამდენი მინდა ვიყო, მე გარეგნობას ვუყურებ და იმას, თუ როგორ ფორმაში ვარ და როგორ ვგრძნობ თავს.
- რა შეიცვალა მას შემდეგ თქვენ ცხოვრებაში?
- ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად 180 გრადუსით შემობრუნდა. ვაკეთებ ყველაფერს, რასაც აქამდე ვერ ვაკეთებდი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს და ყოველი ახალი დღე ჩემთვის უფრო მეტი მოტივაციაა, რომ წინ წავიდე. მიხარია, რომ ადამიანების დამოკიდებულება შეიცვალა. ძალიან ბევრს უკვირს და ბევრი მეკითხება, როგორ დავიკელი 120 კილო ერთ წელიწადში, ან როგორ მოვახერხე ამხელა ნებისყოფის გამომუშავება. სწორედ ამიტომ გავხდი ფიტნეს–ტრენერი. მინდა ადამიანებს გავუზიარო ჩემი გამოვლილი პერიოდი და დავანახო, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ ბევრს იშრომებ და მოინდომებ! მაქსიმალურად ვცდილობ სხვებისთვის ვიყო მთავარი მოტივატორი, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მისცემს და რწმენას გაუჩენს. ამისთვის დავამთავრე ბოდიბილდინგისა და ფიტნესის აკადემია, ასევე „სნეპის აკადემია“, მათი სახეც ვარ. მომავალშიც ვაპირებ მეტად განვვითარდე და მეტი ვისწავლო. ჩემ თავს სულ ვეუბნები, ან განვითარდი, ან მოკვდი!
- თქვენი გადმოსახედიდან რა არის ის აუცილებელი უნარი, რაც დაკლებაში დაეხმარება ადამიანს, როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს?
- პირველ რიგში აუცილებელია მიზანი, შემდეგ ამ მიზნის განხორციელება, რათა სასურველ შედეგს მიაღწიოთ. მზად უნდა იყოს ყველა ადამიანი, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, ამავე დროს გააცნობიეროს, რომ საკმაოდ გრძელი და რთული გზა ელის, მაგრამ ყველფრის მიღწევა შეიძლება!
აუცილებელია სწორი კვება (არა დიეტა), დღის განმავლობაში უნდა მივიღოთ ყველა ის საკვები, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია!
- დღეს თქვენ მაგალითი ხართ ბევრი ადამიანისთვის. რას ურჩევთ, რას ეტყვით მათ, ვინც ვერ ებრძვის ჭარბ წონას, ჰგონიათ, რომ არაფერი გამოუვათ?
- ასეთ ადამიანებს ვეტყოდი, რომ დაივიწყონ ფრაზები, „მე ეს არ შემიძლია“, „არ გამომივა“, „ვერ გავაკეთებ“ და ა.შ. მთავარია მონდომება, მიზანი და შრომა, კიდევ ერთხელ შრომა და შრომა! აუცილებლად ყველაფერი გამოვა!..