ალავერდაშვილი: რუსი ტურისტები აღარ გვეკონტაქტებიან, უბრალოდ, ჯავშანს აუქმებენ

ასოციაციის თავმჯდომარემ პოლიტიკოსებს მოუწოდა, საკუთარი ამბიციების გამო ქვეყანა არ დაღუპონ.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის წამყვანის გამოსვლის შემდეგ რუსი ტურისტები კონტაქტზე აღარ გამოდიან და უბრალოდ აუქმებენ ჯავშანს, დაწერა თავის Facebook-გვერდზე საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის" კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. გიორგი გაბუნია პირდაპირ ეთერში დაახლოებით წუთ-ნახევარი იგინებოდა.

აქციები რუსთაველზე გრძელდება: დილა დაძაბული ღამის შემდეგ>>

გაბუნიას გამოსვლა დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა, საგარეო უწყებამ კი ჟურნალისტის გამოსვლა შეაფასა, როგორც ქვეყნებს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა.

„ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დაიწყო 2019 წელი. ჯერ იყო, ვირუსების გამო საკმაოდ დიდი ზარალი ნახა ტურიზმის სექტორმა, მერე თითქოს ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ, მაისმა იანვარი დააბალანსა, ივნისი უკვე თებერვალს ავსებდა და მერე მოხდა გავრილოვი... ცოტა რაღაცები გამოვასწორეთ, ცოტა მეტი ადამიანი დავარწმუნეთ იმაში, რომ მაინც საქართველოში დაესვენათ, ყველამ ერთად დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია, არ დავნებდეთ და ჩვენი შრომა შედეგს გამოიღებს და მერე იყო გუშინდელი განცხადება. დღეს დილიდან უკვე აღარც გვეკონტაქტებიან. უბრალოდ გვიუქმებენ ჯავშნებს", – დაწერა ალავერდაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი ცდილობენ, ქართულ პროდუქციას მაქსიმალური პოპულარიზება გაუწიონ, ხელი შეუწყონ ქართული საწარმოების განვითარებას ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის მიზნით.

დუმის კომიტეტმა საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვას მხარი დაუჭირა

„მთავრობა ხართ თუ ოპოზიცია, იქნებ, თქვენთვის იჩხუბოთ ერთმანეთში და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება და გპირდებით, ორივეს შეგინახავთ, ორივეს გეყოფათ ჩვენი გადახდილი გადასახადები, ორივე კარგად იქნებით, თუ ჩვენ დაგვაცდით ბიზნესის წარმოებას. თქვენ პარტიულ ვნებებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას", – აღნიშნა ალავერდაშვილმა.

გაბუნიას სკანდალური გამოსვლა რუსეთთან ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გართულებული ურთიერთობების ფონზე მოხდა. თბილისის ცენტრში თითქმის სამი კვირაა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. ანტირუსული რიტორიკის კვალდაკვალ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები 8 ივლისიდან დროებით შეწყდა.