Kobuleti Fest 2019-ზე გელოდებათ ზღვა, მცხუნვარე მზე და ცეცხლოვანი შოუ

ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა გასართობი პროგრამები ელოდებათ.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ქობულეთი ერთდღიან ფესტივალ Kobuleti Fest 2019-ს შაბათს, 13 ივლისს უმასპინძლებს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ფესტივალი ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება, რომელსაც სპეციალურად ღონისძიებისთვის ფერადი ლენტებითა და დეკორაციებით მორთავენ. 

მსოფლიო ბლუზის ვარსკვლავები ლაგოდეხში საერთაშორისო ფესტივალზე შეიკრიბებიან

სცენაზე წარდგებიან ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები – Beka, Chiki, Toke, ასევე მუსიკალური ბენდები Melomaniak-ი და Goofy Land-ი. კონცერტი 14:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო-გასართობი ღონისძიებები და ქართული, აღდგენილი მულტფილმები. ანიმციური ფილმების ჩვენება ქობულეთის პარკის ამფითეატრში იგეგმება.

Kobuleti Fest 2019-ზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შესვლა უფასოა. ფესტივალის ფარგლებში პარკში იმუშავებენ ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელის, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

ფესტივალის აპოთეოზი გრანდიოზული ფეიერვერკი გახდება. ღონისძიების ორგანიზატორია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო.