შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაანონსებული აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

უწყება მოუწოდებს ორივე აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანად და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.
Sputnik

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ორივე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამღვდელოება საპროტესტო აქციაზე: პარლამენტის წინ მამაოები მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე, სადაც „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების” ორგანიზებით 19:00 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მორიგი აქცია უნდა გამართულიყო, ამ დროისთვის „ქართული მარშისა” და ლევან ვასაძის მომხრეები არიან შეკრებილები, „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება” კი 19:00 საათზე პუშკინის სკვერში შეკრებას და პარლამენტთან მოგვიანებით გადანაცვლებას გეგმავს.

უწყება მოუწოდებს ორივე აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანად და კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს ორივე აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.