საგარეო უწყება: „რუსთავი2“-ის პროვოკაცია ქართულ-რუსული ურთიერთობების გართულებას ემსახურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანასაზოგადოებას ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ქმედებებს შესაბამისი შეფასება მისცეს
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გამოთქმები ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ისედაც რთული სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვისკენ არის მიმართული.

სალომე ზურაბიშვილი: რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია

„მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, „სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.

„ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით , იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეარხის სკანდალური გამოშვება ეთერში გავიდა რუსეთთან ურთიერთობების ყველაზე სერიოზული გართულების ფონზე ბოლო ათი წლის განმავლობაში. თბილისში თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც ანტირუსული ლოზუნგებით და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე ანტირუსულ რიტორიკაზე საპასუხოდ, მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა - ეს გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათს, 8 ივლისს შევა. ამავე დროს რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.