თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სამიოდე სიტყვით გამოხატა რეაქცია ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელზე.
საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან მომხდარის შესახებ კომენტირებისას ზახაროვა სულ სამი სიტყვით შემოიფარგლა: Это беда Грузии.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს ნათქვამისთვის სხვა არაფერი დაუმატებია.
7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.