არჩილ თალაკვაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეებს მიმართავს

დღეს უპირატესი ინტერესია უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტიები, აცხადებს თალაკვაძე
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არავის მიეცემა უფლება, მშვიდობიანი მანიფესტაცია რაიმე საშუალებით დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ორივე აქციის ორგანიზატორებს მიმართავს

„შსს-ს ასევე ევალება, რომ სადაც არსებობს შესაძლო დაპირისპირების, ფიზიკური კონფრონტაციის რისკები, იქ მიიღოს პრევენციული ზომები და არ დაუშვას დაპირისპირება. მინდა ყველა მხარეს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მშვიდობიან პირობებში დაგეგმონ თავისი პროტესტის გამოხატვა, ვინაიდან საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს უპირატესი ინტერესია უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების გარანტიები“,- განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ გარანტიებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რომელიც ვალდებულებას შეასრულებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, არაერთ პოლიტიკურ ჯგუფს ვხედავთ დღეს არენაზე, რომელიც პატრიოტიზმის ეგიდით ცდილობს თავისი ზოგჯერ აგრესიული მოქმედებებიც გაამართლოს სწორედ ამ მოტივით.

„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დღეს პატრიოტიზმი, საქართველოს ინტერესები არის მშვიდობიანი განვითარების და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგის უზრუნველყოფა. თუ ვინმეს სხვანაირად ესმის თავისი ქვეყნისთვის თავდადება და თავისუფლების იდეის დაცვა ან პატრიოტიზმი, ვურჩევ კიდევ ერთხელ გადახედონ საკუთარ ფილოსოფიას. თუ არა და ამ ფილოსოფიას გადახედავს საზოგადოება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის ორი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს შორის პოლიციის ძალები არიან განლაგებული. დაპირისპირებულ აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

დაპირისპირებები და პოლიციის ჩარევა თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე >>

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან მიმდინარეობს. მომიტინგეები აპროტესტებდნენ პარლამენტში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის გამოჩენას, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ასამბლეის პრეზიდენტია. 20-21 ივნისის ღამეს პროტესტი არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ აქციის დასაშლელად ძალა გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. მომიტინგეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, რომელსაც აქციის დაშლისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.