ფრენების ბოლო საათები საქართველოსა და რუსეთს შორის: დარჩა ორი რეისი

მოსკოვი-თბილისის ბოლო რეისს „აეროფლოტი“ შეასრულებს
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. კვირას რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ და S7-ის თვითმფრინავებით საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ბოლო რეისები შესრულდა - 8 ივლისიდან ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იკრძალება.

რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით სამგზავრო ავიაგადაზიდვები ეკრძალებათ, ტუროპერატორებს და აგენტებს მიეცათ რეკომენდაცია არ გაყიდონ საგზურები საქართველოს მიმართულებით. მთავრობას რუსეთის მოქალაქეების დასაბრუნებლად ზომების მიღება დაევალა. შემდგომში რუსეთის მიმართულებით ფრენა ქართულ ავიაკომპანიებსაც აეკრძალა.

ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი ბათუმში გაუქმდა

თბილისის აეროპორტში განაცხადეს, რომ „ურალის ავიახაზები“ კრასნოდარში 19:55 საათზე, ხოლო S7-ის თვითმფრინავი მოსკოვში 19:00 საათზე გაფრინდა.

რაც შეეხება ბათუმს, ადგილობრივი აეროპორტიდან ეკატერინბურგში ღამით ავიაკომპანია „პობედას“ ლაინერიც გაფრინდება.

ტურისტებს საქართველოს აეროპორტებში ღვინით დაასაჩუქრებენ >>

რეისების განრიგის მიხედვით, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ბოლო ავიარეისს 02:00 საათზე „აეროფლოტი“ შეასრულებს.

ქვეყნებს შორის პირდაპირ რეისებს ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია ასრულებდა.

საქართველოში რუსი ტურისტები რჩებიან

საქართველოში რჩება დაახლოებით 4,5 ათასი რუსი ტურისტი, რომლებსაც ფრენების აკრძალვამდე ბილეთების ჩაბარების ან გაცვლის სურვილი არ გასჩენიათ, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ევგენი დიტრიხმა.

„იქ (საქართველოში - რედ.) დაახლოებით 54 ათასი ჩვენი ტურისტი იმყოფებოდა. თითოეულთან შედგა კომუნიკაცია. ახლა ჩვენი შეფასებები აჩვენებს, რომ ვინც არ ჩააბარა ბილეთები ან არ გაცვალა უფრო ადრეულ თარიღებზე, ასეთი დაახლოებით 4,5 ათასი ადამიანია. ანუ ვინც არანაირად არ გამოხატა ბილეთების დაბრუნების და დაგეგმილზე ადრე გამგზავრების სურვილი“, -  განაცხადა დიტრიხმა კვირას.

მან დაუშვა, რომ შესაძლოა ეს ის ადამიანებია, ვინც დარჩენა და სხვა ტრანსპორტით გამგზავრება ამჯობინეს.

„ყოველი შემთხვევისთვის 8 რიცხვისთვის და 8 რიცხვის შემდეგ მომდევნო შვიდი დღისთვის ვამზადებთ დამატებით საშუალებებს იმისათვის, რომ გავიყვანოთ ისინი, ვისაც ამ პერიოდში შეიძლება მოუნდეს რუსეთში დაბრუნება“, - განმარტა მინისტრმა.

კითხვაზე, არის თუ არა საუბარი ფრენებზე არა საქართველოდან, არამედ ახლომდებარე აეროპორტებიდან, მან დადებითი პასუხი გასცა.

ქართულმა ავიაკომპანიამ ალტერნატივა იპოვა

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გამო 8 ივლისიდან მოსკოვში იფრენს ტრანზიტით ერევნის გავლით, დღეში ორჯერ, ამასთან მგზავრებს ბორტის დატოვება და ბარგის გადატანა არ მოუწევთ.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 2019 წლის 8 ივლისიდან, ცვლის თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს და მგზავრებს მოემსახურება თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)- თბილისის მარშრუტით. დაგეგმილია, რეგულარული 2 რეისის განხორციელება, ყოველდღიურად. მგზავრებს არ მოუწევთ თვითმფრინავის დატოვება და ბარგის გადატანა“, - დაწერა თავის Facebook-გვერდზე ავიაკომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილე თამუნა თანდაშვილმა.

მისი თქმით, ავიაკომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმ 40 ათასამდე მგზავრის კომფორტულ ტრანსპორტირებაზე, რომლებმაც ბილეთები მანამდე შეიძინეს.

საქართველოს მთავრობას რუსი ტურისტებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება სურს >>

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივნისში ყველაზე მეტი ტურისტი ქვეყანას რუსეთიდან ეწვია – შესრულდა 152,2 ათასი ვიზიტი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,8%-ით მეტია. წლის პირველ ნახევარში მოგზაურთა რაოდენობამ საქართველოდან თითქმის 700 ათასი შეადგინა.