მსოფლიო დღეს

მეცნიერებმა შექმნეს ბაქტერიები, რომლებიც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება

შეიქმნა ბაქტერიების შტამი, რომელსაც სიმსივნის ნეკროტულ ბირთვში ზრდისა და გამრავლების უნარი გააჩნია
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს არაპათოგენური ბაქტერიების შტამი, რომელსაც შეუძლია თაგვებში მყარი სიმსივნის კოლონიზება და ძლიერი წამლების უსაფრთხოდ გადატანა სიმსივნურ უჯრედებში, წერს პორტალი Naked Science.

ცოცხალი უჯრედების გენეტიკური პროგრამირების წყალობით მეცნიერები ქმნიან სისტემებს, რომლებიც ჭკვიანურად აღიქვამენ და რეაგირებენ სხვადასხვა გარემოზე. ასეთი სისტემის მაგალითი შეიძლება იყოს ბაქტერია ან ვირუსი, რომელიც რეაგირებს „მტერზე“ და უტევს მას მკვლევარების მიერ ჩანერგილი პროგრამით.

ამ ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთი სფერო, შესაძლოა, გახდეს კიბოს იმუნოთერაპია, რომელიც სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად ორგანიზმის ბუნებრივ იმუნიტეტს იყენებს. თუმცა, იმუნოთერაპიას არაერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება აღმოაჩნდეს. 

სენსაციური აღმოჩენა: მეცნიერებმა მკერდის კიბოს ანტიბიოტიკს მიაგნეს

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ამ პრობლემას აგვარებენ არაპათოგენური ბაქტერიების შტამის შემუშავების გზით, რომელსაც შეუძლია თაგვებში მყარი სიმსივნეების კოლონიზება და მათში, ტროას ცხენის პრინციპით, მძლავრი პრეპარატების შეგზავნა, რომლებიც სიმსივნეს შიგნიდან ებრძვიან. თავგვებზე ჩატარებულ ცდებს მოჰყვა არა მხოლოდ სიმსივნის სრული რეგრესი, არამედ მეტასტაზების შემცირებაც. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Medicine.

გუნდმა გააერთიანა თავისი ცოდნა და გამოცდილება სინთეტიკური ბიოლოგიისა და იმუნოლოგიის სფეროში, რათა შეექმნა ბაქტერიების შტამი, რომელსაც სიმსივნის ნეკროტულ ბირთვში ზრდისა და გამრავლების უნარი გააჩნია. როდესაც ბაქტერიების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, არაპათოგენური ნაწლავური ჩხირი თვითგანადგურებას იწყებს, რაც შესაძლებლობას ქმნის, ეფექტურად გამოიდევნოს თერაპიული საშუალებები და თავიდან იქნეს აცილებული მათი დაშლა სხეულის სხვა ნაწილებში.

ამ ეტაპზე მეცნიერები ლაბორატორიულ ცდებს ატარებენ. ისინი ცდიან ახალი მიდგომის უსაფრთხოებას და არჩევენ იმუნოთერაპიული პრეპარატისა და ბაქტერიის ოპტიმალურ კომბინაციას. ცდების დადებითმა შედეგებმა მეცნიერებს, შესაძლოა, გზა გაუხსნას პაციენტებზე კლინიკური კვლევების ჩატარებისკენ.